დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი, დავით გიუნაშვილი
“ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +”-სს (აჭარა ჯგუფი)”, აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.