საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე Lufthansa Group-ის ახლადანიშნულ რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი Lufthansa Group-ის მიერ განხორციელებულ არაპირდაპირ ინვესტიციებს შეეხო.

“საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ბევრი სიახლის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებსა და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქტი ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ”,- განაცხადა კარსტენ ცანგმა, რომელიც სექტემბრიდან უკრაინაში, ბელარუსში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში Lufthansa Group-ის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია Lufthansa ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გერმანელ ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია ე.წ. ჰელი სკის მიმართულება, რასაც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს სამთო კურორტები სთავაზობს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტურიზმის სწრაფად აღდგება და სულ მალე დაუბრუნდება პანდემიანდელ ნიშნულს.

“ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც განახლებული აეროპორტი ავიაკომპანიებს სთავაზობს. ასევე, გავაცანით იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

Lufthansa Group-ის რეგიონულ მენეჯერთან შეხვედრას საქართველოს აეროპორტების აღმასრულებელი მენეჯერი ანი ჩიქოვანი და ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.