„დაანონსებული მნიშვნელოვანი პროექტები გარკვეული ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. მათ ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინონ,“ – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის დაანონსებული მსხვილი პროექტების მნიშვნელობა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტისა და ახალი საფეხბურთო სტადიონის პროექტები, მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან, რომლებსაც ეფექტი აქვთ მხოლოდ იმპლემენტაციის პერიოდში, კერძოდ, კაპიტალური დანახარჯების კუთხით რა წვლილი შეიძლება შეიტანონ ეკონომიკაში.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აეროპორტი ძალიან კომპლექსური ეკოსისტემაა და მოიცავს სამგზავრო და სატვირთო ავიაციის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარებას და კომპლექსური ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობებს ვაზიანში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დასრულდა ვაზიანში სააეროსანავიგაციო კვლევები, რომელიც ავსტრიულმა კონტრაქტორმა შეასრულა. „მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანი აეროპორტის ასაშენებლად ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები. კვლევის ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და ვიცით, როგორი იქნება აეროპორტის კონფიგურაცია. შემდეგი ეტაპია, დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც მიმდინარეობს,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხითაც. მისი თქმით, ის განვითარების სტიმულს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს, როგორიცაა თბილისი, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები გააჩნია დღეს არსებული აეროპორტის ოპერირების გამო, განვითარების კუთხით, რადგან მშენებლობაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს შეზღუდვები ვაზიანში თბილისის აეროპორტის რელოკაციით შემსუბუქდება, ამასთან, აეროპორტის ვაზიანში გადატანა მნიშვნელოვანი იქნება რუსთავისთვისაც. მისი თქმით, თბილისის, რუსთავისა და ვაზიანის არეალის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია და ამ საკითხზე სივრცითი განვითარების სააგენტო მუშაობს, რათა განვითარება იყოს ჰარმონიული და ახალი წყარო ეკონომიკური ზრდისთვის.

 

რაც შეეხება ახალ სტადიონს, პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ობიექტი არ იქნება გათვლილი მხოლოდ სპორტული დანიშნულებისთვის და ახალ სტადიონზე ასევე გაიმართება საკონცერტო და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.