პოლონეთიდან ეგვიპტეში მიმავალი სამგზავრო რეისი SEU7833 (ვარშავა – მარსა-ალამი) იძულებული გახდა, საგანგებო დაშვება განეხორციელებინა თურქეთის ქალაქ ანტალიაში — ამის მიზეზი თვითმფრინავში მყოფი აგრესიული მგზავრი გახდა.

ფრენის დროს თვითმფრინავში დრამატული სცენა განვითარდა — მამაკაცი შეურაცყოფას აყენებდა სხვა მგზავრებსა და მათ ოჯახებს, უხეშად ექცეოდა მათ, აგრეთვე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა მობილურით. ეკიპაჟის მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი არ დაემორჩილა მითითებებს და არ შეეწყვიტა აგრესიული ქცევა.

ვითარების დაძაბვის ფონზე, თვითმფრინავის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი დაშვების შესახებ, რის შედეგადაც ბორტი დაჯდა ანტალიის აეროპორტში, სადაც პოლიცია უკვე ელოდებოდა სამართალდამრღვევ მგზავრს.

დაშვების შემდეგ თვითმფრინავი გააგრძელა ფრენა და დანიშნულების ადგილს მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩავიდა.

ავიაკომპანიამ Go2Sky, რომელიც ასრულებდა აღნიშნულ რეისს, პოლონურ მედიას გაუგზავნა კომენტარი, სადაც დაადასტურა ინციდენტი, რომელიც უკავშირდებოდა ბორტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

„ფრენის დროს მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა როგორც სხვა მგზავრების, ისე ეკიპაჟის მიმართ. კაპიტანმა, ბორტზე მყოფთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მარშრუტის შეცვლისა და თვითმფრინავის ანტალიაში გადაუდებელი დაშვების შესახებ,“ — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ასევე ითქვა, რომ მგზავრი გადაეცა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, და ამჟამად საქმეს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში იძიებენ.