ბულგარეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვარნასა და საქართველოს დედაქალაქს თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება.
აღნიშნულის შესახებ ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თამუნა ლილუაშვილისა და ვარნას მერის ივანე პორტნიჰის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ბულგარეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები წლების წინ იყო, თუმცა დღეისათვის ქვეყნებს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღარ აქვთ.
როგორც საქართველოს ელჩი მიიჩნევს, ვარნასა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნით ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ელჩის განმარტებით, პირველი ჩარტერული ავიარეისი ტურისტული კომპანია My Tours-ის მხარდაჭერით შესრულდება, რომელიც ახორციელებს პროექტს “გაიცანი შავიზღვისპირეთი”.
სწორედ საელჩოს აქტიური მუშაობის შედეგად, პროექტში საქართველოს ჩასმაც მოხერხდა.
უკვე ცნობილია, რომ ვარნა-თბილისის ჩარტერული ავიარეისი 14 მაისს განხორციელდება. ავიარეისით, რომელიც ბულგარეთიდან ტურისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს, საჰაერო ხომალდი უკანა გზაზე ფრენას ბათუმი-ვარნას მიმართულებაზე განახორციელებს.
სწორედ ამ რეისზე და არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ ჩარტერული ავიარეისების დანიშვნაც.
დღეისათვის საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა ხორციელდება. ბათუმისა და ფოთის პორტებსა და ბურგასისა და ვარნას პორტებს შორის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ხელშეკრულება 1995 წელს გაფორმდა. იმავე წელსვე ორ ქვეყანას შორის მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
1999 წელს კი ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნის (ბულგარეთის რესპუბლიკა), ფოთი\ბათუმის (საქართველო) და ილიჩევსკის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ხელშეკრულებას, ქვეყნებს შორის მსგავსი ხელშეკრულება ძალაში 2011 წლიდანაა.