ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის თემაზე ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ასევე ტურისტული ასოციაციების და კომპანიების, სასტუმროების, გიდების და რესტორნების წარმომადგენლებმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში ვაქცინაციის სტიმულირების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, თუ როგორ შეიძლება ორივე მხარემ – საჯარო და კერძო სექტორმა კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა ტურიზმის სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. შეხვედრაში და შესაბამისად, საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
„ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგა. ვისაუბრეთ, რომ ვაქცინაციის პროცესში ორივე მხარემ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები უფრო სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ჩვენ განვაგრძოთ ასეთი მნიშვნელოვანი დარგის უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარება. ჩვენ შევთანხმდით, რომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით დაგვამარცხებინებს კოვიდ 19-ს და ამავდროულად მდგრადად აღადგენს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ტურიზმი, ავიაცია და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურიზმი საკმაოდ პასუხისმგებლიანი სექტორია – ერთ-ერთი მოწინავე დარგი იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. „თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის სექტორში, ჩვენ კვლავ გვყავს ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია. ეს არის სწორედ ის მიზანი, რის ფარგლებშიც ჩვენ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ სექტორის მთავარ დამსაქმებლებსა და ასოციაციებთან“, – განაცხადა მან.