საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდნენ, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. საქართველოში მათი ტრანსპორტირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უზრუნველყო.
ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში, Fly Dubai-ს რეისით ჩამოფრინდნენ. ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, თამარ არჩუაძე დახვდათ. საქართველოს სამივე მოქალაქე მგზავრობის ყველა ეტაპზე შემოწმდა და კარანტინში გადაყვანა არც ერთ ეტაპზე არ დასჭირდათ.
“სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში”, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან დროებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.