უზუნგოლის ტბა („გრძელი ტბა“) მდებარეობს ქალაქ ტრაპიზონის სამხრეთით, ჩაიკარას რაიონში, პონტოს ულამაზეს მთებში. უზუნგოლი ასევე ჰქვია სოფელს, რომელიც ტბასთან ახლოს მდებარეობს. წლებია ეს ულამაზესი ტბა, სოფელი და მიმდებარე ხეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, რომლებიც ყოველ სეზონზე ჩამოდიან და ათვალიერებენ აქაურობას. იგი მდებარეობს ტრაპიზონიდან 99 კმ-ის, ხოლო ჩაიკარას რაიონული ცენტრიდან 19 კმ-ის მოშორებით. უზუნგოლის წყლის დონე და ფართობი სეზონისა და წლის მიხედვით მერყეობს და მისი წყალი მტკნარია. ეს ტერიტორია ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ბუნებით.
საგულისხმოა, რომ ტბის გარშემო მოწყობილია საკურორტო ზონა,სადაც განლაგებულია სასტუმროები, კაფეები, მაღაზიები და უამრავი გასართობი ცენტრი. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ საოცარი დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან ერთად. სოფელში ასევე ბოლო წლებია გაუმჯობესდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მთავრობამ ტბის სანაპირო ზოლის გასწვრივ ბეტონის ბარიერი ააშენა, რათა მისმა ტალღებს არ დაესველებინა მის გარშემო არსებული სანაპირო გზები. ამან გამოიწვია ადგილობრივების პროტესტი, რომლებიც გარემოს დაზიანებით შეშფოთდნენ და განაცხადეს, რომ ბეტონმა ტბა გიგანტურ ხელოვნურ აუზად აქცია.
რატომ უნდა მოინახულოთ უზუნგული?
ადგილი გამოირჩევა განსხვავებული სილამაზით, ულამაზესი ლანდშაფტით, სადაც ტბას გარშემო აკრავს თეთრად დათოვლილი ტყის მასივი. ეს კი, მნახველებისთვის ქმნის საოცარ ხედსა და ზღაპრულ გარემოს. უზუნგოლი დასვენებისთვის იდეალური ადგილია, რათა მოწყდეთ ყოველდღიურ, დამღლელ, ქაოსურ ქალაქს, განიტვირთოთ შედარებით უცხო გარემოში და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად შეიქმნათ უბედნიერესი წუთები.
საბოლოოდ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ უზუნგოლს, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.