საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის წამყვან ტურ-ოპერატორებს მასპინძლობს. ინფო-ტურის ფარგლებში თერთმეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი თბილისს ეწვია, დედაქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უზბეკი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის, ერთობლივი ტურების დაგეგმვის თემები განიხილეს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 11 ტურ-ოპერატორს ვმასპინძლობთ საქართველოში უზბეკეთიდან, რომლებიც ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და დღეს საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ტურისტული პროდუქტის სწორი ფორმირება მოვახდინოთ და პოზიციონირება გავუწიოთ უზბეკეთის ბაზარზე, ეს ავტომატურად ნიშნავს მეტ ვიზიტორს და ტურისტს ამ ქვეყნიდან საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
“ჩვენ უზბეკეთის ტურისტულ ინდუსტრიის წარმომადგენლები ვართ, საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით ვიმყოფებით. დავათვალიერეთ თქვენი ძალიან ლამაზი ქვეყანა. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და დაახლოება საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან და დღეს შევხვდით ქართველ ტურ-ოპერატორებს, მათთან გავცვალეთ ინფორმაცია. პანდემიის შემდეგ უზბეკეთში ძალიან ბევრი მოქალაქე დაინტერესებულია საქართველოში მოგზაურობით, რომ გაეცნოს თქვენს მშვენიერ ბუნებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და გაიცნონ ძალიან თბილი ქართველი ხალხი“,-განაცხადა შუხრაჯონ ამიჯანოვმა უზბეკური ტურისტული კომპანიის „ევრო ტურის“ გენერალურმა დირექტორმა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული ტური უზბეკეთიდან. ამ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე საქართველო ძალიან პოპულარულია, გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა და საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის უზბეკეთიდან საქართველოში. ვფიქრობ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს, რომ გაიზარდოს ტურისტული ნაკადები,“-აცხადებს ტურ-ლიდერის დირექტორი იოსებ ზუხბაია.
ტურის ფარგლებში უზბეკეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა მცხეთა, ბორჯომი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი მოინახულეს, დაათვალიერეს განთავსების ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ინფო-ტურის მიზანია უზბეკი ტურ-ოპერატორებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და უზბეკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.