მოგზაურთა, მარკეტინგისა და ახალი ტექნოლოგიების სამიტზე – Uzakrota 2020 სპიკერად საქართველოდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძეა მიწვეული. როგორც მიხეილ კოპლატაძე განმარტავს, სამიტზე ტურიზმის ინდუსტრიისთვის მეტად აქტუალ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორებიცაა პოსტ პანდემიურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის გზები, რებრენდინგი, ტურიზმში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი და სხვა.
„Uzakrota 2020 აერთიანებს უმსხვილეს ავიაკომპანიებს, ტურისტულ კომპანიებს, ონლაინ სააგენტოებს, სტარტაპებს, ვენჩურულ ინვესტორებს, მარკეტინგულ კომპანიებსა და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერებს. COVID-19-ის პანდემიის გამო კი წელს სამიტი, პირველად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მასში 100 ქვეყნიდან, 300-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს. პანელებზე ძირითადი თემებია: პოსტ პანდემიურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის გზები, რებრენდინგი, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი ტურიზმში, როგორ იცვლება მსოფლიოს ბაზრის კონიუნქტურა და მომხმარებელთა ქცევა, ასევე, კრიზისების დაძლევის უკვე შემუშავებული მეთოდები, პიარისა და მარკეტინგული სტრატეგიების ცვლილებები ტურიზმის სფეროში, კრიზისების დასაძლევად მსოფლიოს ქვეყნების საერთო სტრატეგიების შემუშავებისა და იმპლიმენტაციის აუცილებლობა ვაქცინაციის შემდეგ ეტაპებზე და სხვა“, განმარტავს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი.
მიხეილ კოპლატაძე სამიტზე უკვე წარსდგა, სადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, პანდემიამდე ტურიზმის დინამიკასა და პროექტებზე, ასევე მომავლის გეგმებზე, ტურიზმის სფეროში ონლაინ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.