უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც PCR-ტესტის პასუხი ექნებათ, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადასვლას შეძლებენ. როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოქალაქეებს 12-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, დამატებითი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენ მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR-ტესტი, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და ეს იქნება ის მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ PCR-ტესტი თან, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინო სივრცე. ეს არის ის, რითაც ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.