უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ამ დროისთვის სიმძლავრის მხოლოდ 3%-ით ოპერირებს.
ავიაკომპანია ფრენებს სამი მიმართულებით: სოფია, ბუდაპეშტი და ბუქარესტში ასრულებს. როგორც ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, Wizz Air-ს კონკურენტებისგან განსხვავებით, კრიზისის შემდგომი აღდგენა არ გაუჭირდება, რადგან კრიზისში შესვლისას 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის თავისუფალი ფულადი რესურსი ჰქონდა.
“ჩვენ ვხედავთ ბევრ ავიაკომპანიას, რომელიც ქეშის გარეშეა დარჩენილი და გადის ბიზნესიდან. ვიზეარი ამ კრიზსიში შევიდა 1.5 მილიარი ევროს მოცულობის თავისუფალი ფულით. რადგან ჩვენ ვართ ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებდა მოგებით. ჩვენ ეს რესურსი ჩვენს კონკურენტებთან შედარებით კარგ მდგომარეობაში გვაყენებს”- განმარტა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები” ანდრაშ რადომ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელი ავიაკომპანიისთვის რთული იყო, თუმცა Wizz Air-ი კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისთვის იაფი ფრენების შეთავაზებას და პანდემიის გამო, ბორტზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დანერგვას გეგმავს.
“ჩვენ გვაქვს ინიციატივა, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რომელსაც მალე გამოვაცხადებთ. ვიღებთ ზომებს, რათა დავრწმუნდეთ რომ ჩვენი ოპერირება იქნება უსაფრთხო და ნაკლებად სარისკო. ასევე ჩვენ მივდევთ და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს ყველა ეტაპზე და რეგულაციებს ყველა ქვეყანაში, ჩვენი ბორტგამცილებლები აღჭურვილი იქნებიან ნიღბებით და ხალათებით, გვექნება ხელის სანიტაიზერები ბორტზე, მგზავრებს მიეწოდებათ სანიტაიზერი ხელსახოცები. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ წმენდას და ასევე ჩასხდომისწინა პროცედურებს. გავააქტიურებთ ონლაინ ჩექინს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება ონლაინ ჩექინის შესაძლებლობა, რითაც შევამცირებთ ფიზიკურ კონტაქტს. ასევე ვეცდებით ბორდინგის პროცესში დავნერგოთ ფიზიკური დისტანცირება. ჩვენ ვემზადებით, რომ გავაგრძელოთ ფრენა, ერთი სული გვაქვს დავიწყოთ ოპერირება. ვფიქრობთ რომ ახლა სწორ დროს სწორ ადგილას ვართ. კომპანია ძალიან ჯანსაღია ფინანსურად, ამ დრომდე ბორტზე არ გყოლია ინფიცირებული თანამშრომლები და ვიმედოვნებთ რომ გეგმა, რაც გულისხმობდა 1.3 მილიონ მგზავრს ქუთაისში, მალე რეალობა იქნება. ამასთან, პანდემიამდე ჩვენ გვქონდა 39 მიმართულება ქუთაისიდან და ვიმედოვნებთ რომ ასეც დარჩება” – აცხადებს ანდრაშ რადო.