ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines მიმდინარე წლის ბოლოს ათენიდან ბაღდადის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დაიწყებს. ამ ნაბიჯით, Aegean Airlines გახდება პირველი ევროპული ავიამზიდი, რომელიც მგზავრებს აღნიშნულ უნიკალურ მარშრუტს შესთავაზებს.

ინფორმაცია ბერძნული მედიასაშუალება Euronews-მა გაავრცელა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგოს გერაპეტრიტისის ერაყში ოფიციალური ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

პირველი რეისი 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მანამდე Aegean Airlines უკვე ასრულებდა ფრენებს ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილის მიმართულებით, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო თავს იკავებდა ბაღდადის აეროპორტში შესვლისგან.

„ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამყარებას,“ – აღნიშნა გერაპეტრიტისმა ერაყელ კოლეგასთან, ფუად ჰუსეინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჰუსეინმა მიესალმა ბერძნული გადამზიდველის გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ქვეყნები თანამშრომლობას ასევე განიხილავენ სოფლის მეურნეობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებში. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპელი ლიდერების ვიზიტების მზარდი რაოდენობა ქვეყანაში სტაბილურობის გაზრდაზე და მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე მეტყველებს.

ამ ფონზე, ერაყის ხელისუფლება ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციას გეგმავს. ცოტა ხნის წინ გაფორმდა 764 მილიონი აშშ დოლარის (დაახლოებით 573 მილიონი ევრო) ღირებულების კონტრაქტი საერთაშორისო კონსორციუმთან, რომელშიც შედიან ლუქსემბურგულიოპერატორი Corporacion America Airport და ერაყული საინვესტიციო კომპანია Amwaj International.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ერაყმა წლების განმავლობაში განიცადა არასტაბილურობა და დაპირისპირება ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსთან“. უსაფრთხოების თანდათანობითი აღდგენა და ინფრასტრუქტურის განვითარება ერაყს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის, რისი სიმბოლოც ევროპიდან პირდაპირი რეისის დაწყებაა.