საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით და ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში გერმანელ ექსპერტთა მისია იმყოფებოდა. რიგით მეორე ვიზიტის მიზანს უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და ზედამხედველობის ევროპული სტანდარტების და პროცედურების განხილვა, ასევე ქართული მხარის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის მართვის და შესაბამის სერვისების კუთხით გერმანიის საუკეთესო გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. შეხვედრები 19-22 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ისე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორები. ევროკავშირის მხრიდან, შეხვედრებს გერმანიის საავიაციო ხელისუფლების ექსპერტები უძღვებოდნენ.
ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის მარეგულირებელი რეგულაციების შესახებ. ასევე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ გერმანული მხარის საუკეთესო პრაქტიკას უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰერო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობისა და საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე ევროკავშირის საექსპერტო მხარდაჭერის მიღების თაობაზე განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წელს გააკეთა. განაცხადი ამავე წელს დაკმაყოფილდა ევროპული მხარის მიერ და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. პროგრამის ფარგლებში, პირველი მისია საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში იმყოფებოდა.