საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 მაისს, სასტუმრო „ბილთმორში“ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, უშიშროების უზრუნველყოფის, გარემოს დაპერსონალურ მონაცემთა დაცვის, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების და სხვა აქტუალურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მიზანს, უპილოტო საჰაერო სისტემებთან დაკავშირებული საერთაშორისო ცვლილებების, უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაციისა და მონიტორინგის სისტემების და სხვა მიმდინარე საკითხების გაცნობა წარმოადგენდა. კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სააგენტოს მოწვევით, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო “EUROCONTROL”-ის დრონების სექციის ხელმღვანელმა მაიქლ ლისონმა.
შეხვედრის ფარგლებში, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, მონიტორინგისა და ინდენტიფიკაციის სისტემებთან დაკავშირებით, მოხსენებით გამოვიდნენ აღნიშნული სფეროს ექსპერტები და ლიდერი უცხოური კომპანიების ხელმძღვანელი პირები (Unifly, AirMap). ამასთან, გაიმართა პრეზენტაციები უპილოტო საჰაერო სისტემების საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის საკითხებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, სამუშაო ჯგუფის წინაშე დრონების მონიტორინგის ახალი კონცეფციის პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ცოტნე მარგველაშვილი, რომელთანაც სააგენტო მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ყურადღება ეთმობა როგორც ამ სფეროში მოწინავე კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სერვისებს, ისე ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ პროდუქტებს. „სამოქალაქო ავიაციის სფეროში უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, ჩვენ განვიხილავთ აღსრულებისა და ზედამხედველობის სხვადასხვა მექანიზმებს. სამუშაო ჯგუფი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინონ, როგორც უკვე დანერგილი სისტემები, ისე დეველოპერული იდეები დრონების ეფექტურ მონიტორინგთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ელექტრონული სერვისის რამდენიმე შესაძლებლობას და ამ მხრივ, გარკვეული სიახლეების შეთავაზებას ვაპირებთ ოპერატორებისთვის“ – განაცხადა ლევან კარანაძემ.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის კომპლექსურ რეგულირებასთან დაკავშირებით (საავიაციო უსაფრთხოება, უშიშროების უზრუნველყოფა, გარემოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ბაზარზე დაშვება, დაზღვევა და ა.შ.), სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, განიხილება უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთგადამკვეთი საკითხები. ჯგუფის მუშაობაში ჩართულნი არიან დრონების ოპერატორები და მესაკუთრეები.