„საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა – ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვს ორივე ქვეყანაში და ეს პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ს შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და იმ პირობებში, რომელიც მას საქართველოში შეუქმნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი.

„ჩვენი უნგრელი სტუმარი მიესალმა ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რათა Wizz Air-ი ჩავრთოთ ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თანამემამულეების გეგმაზომიერ ჩამოყვანას ევროპიდან. Wizz Air -ი ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირეა ამ პროგრამაში. რასაკვირველია, Wizz Air-თან ერთად ველოდებით იმ პერიოდს და ერთად ვმუშაობთ, როდესაც შევძლებთ უფრო მასობრივი რეგულარული ფრენების აღდგენას. ამ ეტაპზე კი, უნგრული ავიაკომპანია ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.