უკრაინული ავიამწარმოებელი კომპანია Antonov-ის ხელმძღვანელად შესაძლოა “დელტას” ყოფილი დირექტორი რეზო ჭარბაძე დაინიშნოს. სწორედ რეზო ჭარბაძისა და მისი გუნდის მიერაა შექმნილი “დიდგორი“ და “ლაზიკა“.

Antonov-ის ხელმძღვანელად რეზო ჭარბაძის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ, რომელიც დღეს უკრაინის მთავრობაში რეფორმების მიმართულებას კურირებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი Antonov-ის საწარმოს 23 მაისს სტუმრობდა. სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სადაც Antonov-ის მენეჯმენტმა სააკაშვილს უთხრა, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია დიდია და საწარმოს სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში 1 გრივნაც არ მიუღია.

საწარმოში ვიზიტის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წარმოება რთულ ვითარებაშია

“თვალის დახუჭვა შეუძლებელია იმის გამო, რომ ბაზრების დაკარგვის გამო წარმოება რთულ მდგომარეობაშია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მისი დახურვის მიზეზი არ გახდეს”, განაცხადა სააკაშვილმა.

სწორედ კომპანია Antonov-თან აქვს კავშირი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ოცნებასაც. როგორც ირკვევა პრეზიდენტს სურს ნაციონალური ავიაკომპანია შექმნას, რომლისთვისაც საჰაერო ხომალდებს სწორედ Antonov-ი ააწყობს.

დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თავდაცვის სახელმწიფო კონცერნმა Ukroboronprom-მა გადაწყვეტილება მიიღო და ავიამწარმოებელი კომპანია Antonov-ის ხელმძღვანელი ალექსანდრა დონცი თანამდებობიდან გადააყენა. 

დონცის თანამდებობიდან გაშვების მიზეზად საავიაციო საწარმოს აუდიტის შედეგები სახელდება. 

”გამოიკვეთა მრავალი ფაქტი, რაც შეიძლება მიუთითებდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს არაეფექტურ მენეჯმენტზე; სახელმწიფო ქონების ბოროტად გამოყენება; მმართველი რგოლის მიერ ბოროტად გამოყენება და არასწორი მოქმედება”, – აღნიშნულის კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირკვევა ისიც, რომ 9 ივნისს საწარმოს ასამდე თანამშრომელმა აქცია გამართა. მათი აზრით, Ukroboronprom-ი საწარმოს მცენიერულ-ტექნიკურ ბაზას ანადგურებს. კანონმდებლობის თანახმად, Ukroboronprom-მა კომპანიას უნდა მიაწოდოს შეკვეთები, მაგრამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში Antonov-ს თვითმფრინავები  არ უწარმოებია.

ცნობისათვის მიხეილ სააკაშვილმა, 2013 წელს ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში მსჯავრდებული, ძებნილი რევაზ ჭარბაძე შეიწყალა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა რევაზ ჭარბაძე საქართველოს თავდაცვის უნარიანობაში შეტანილი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

“2008 წელს, როცა ყველა ქვეყანას გაუჭირდა ჩვენთვის იარაღის მოყიდვა, დადგა ისეთი აუცილებლობა, როგორიც დაუდგა ისრაელსა და სინგაპურს, გამოგვეშვა ჩვენი იარაღი. წინა წლებში იყო მრავალი მცდელობა . რეზო ჭარბაძემ და ენთუზიაზისტების ჯგუფმა, მოიარეს მთელი მსოფლიო და დააბრუნეს სპეციალისტები საქართველოში. შევქმენით “დიდგორი“ და “ლაზიკა“, შემდეგ ავაწყვეთ არტილერიის ცეცხლის მანქანა, რომელიც იყო რუსული ,,გრადის“ გაუმჯობესებული ვერსია. ჩვენ გვყავდა უპილოტო საფრენი აპარატები, მათი კოდები საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთის ხელში და მივხვდით რომ ჩვენი უნდა გაგვეკეთებინა. ჭარბაძემ ჩამოიყვანა ესტონეთიდან სპეციალისტები და ავაწყვეთ ჩვენი საფრენი აპარატები, ბოლოს იყო სარაკეტო ტექნოლოგიის დამუშავება. საქართველომ მოახდინა სასწაულები ამ ყოველივეში,რეზო ჭარბაძეს აქვს დიდი დამსახურება”, – განაცხადა მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.