უკრაინულ ავიაბაზარზე ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ქართული ავიაკომპანიებიდან Georgian Airways-ი ლიდერობს, რომელმაც პუნქტუალურობის კუთხით წინაა თვეების მაჩვენებლები გააუმჯობესა. უკრაინულ ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებიდან, ნოემბრის მაჩვენებლებით, Georgian Airways-ი მეხუთე პოზიციაზეა. რაც შეეხება მეორე ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს, რომელმაც კიევის მიმართულებით ავიარეისები დღეიდან გააჩერა, ნოემბრის მონაცემებით, პუნქტუალურ ავიაკომპანიათა რეიტინგში მერვე პოზიციაზეა. თუმცა ფრენების შეჩერების გამო ავიაკომპანია მომდევნო თვეების რეიტინგში ვეღარ მოხვდება.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Georgian Airways-მა ნოემბერში განხორციელებული რეისების 92.9%-ი დროის სრული სიზუსტით განახორციელა. ნოემბერში Georgian Airways-მა თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე სულ 28 რეისი განახორციელა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ნოემბერში შესრულებული რეისების მიხედვით, ავიაკომპანიების პუნქტუალურობის მაჩვენებლებით პირველ ადგილზე არიან: Czech Airlines-ი, Swiss International Airlines-ი და Air Arabia, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ განხორციელებული რეისების 100%-ი ზუსტად შეასრულეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პუნქტუალური ავიაკომპანიების გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართული ავიაკომპანიების შემდეგ ბევრი ცნობილი ევროპული ავიაგადამზიდავი მოდის.