უკრაინის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ტრანზიტის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 27 სექტემბრამდე აკრძალა.


ამას ითვალისწინებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალი რეზოლუცია №791, რომელიც 2 სექტემბერს იქნა მიღებული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა.

ამავე დროს, ხელისუფლებამ გააფართოვა გამონაკლისების სია. უცხოელებს, რომელთა ბებია და ბაბუა უკრაინის მოქალაქეები არიან, უკრაინაში შესვლის უფლება ექნებათ.

.კონკრეტდება ისიც, რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებიც არიან უკრაინის მოქალაქეების მეუღლეები, მშობლები ან შვილები.

მთავრობამ ასევე განმარტა პუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელებს შეუძლიათ სწავლის მიზნით უკრაინაში შესვლა. აღნიშნული გამონაკლისი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

თავდაპირველად ნებადართული იყო უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი, თუ მგზავრი ქვეყანას 2 დღის ვადაში ტოვებდა, თუმცა ამ შესაძლებლობას მგზავრთა ის ნაწილი იყენებდა, რომელთა საბოლოო დანიშნულება უკრაინა იყო.