უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივი საავიაციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერთიანი საავიაციო სივრცის (CAA) შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ამჟამად დაკეტილია, ქვეყანა აგრძელებს მუშაობას ევროპულ ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, რათა ფრენების აღდგენისთანავე სექტორმა ევროკავშირის სტანდარტებით შეძლოს ფუნქციონირება.
უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერისა და თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის, ალექსეი კულებას განცხადებით, შეთანხმების მიზანია ფრენების უსაფრთხოების, მგზავრთა უფლებების დაცვისა და გადამზიდავებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. სხდომის მთავარი შედეგი გახდა ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების განახლებული ნუსხის შეთანხმება, რომელიც უკრაინამ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს.
უკრაინული დელეგაცია ასევე აქტიურად მუშაობს საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით. ლონდონში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) ერთად დაიწყო პროექტი „IMO უკრაინისთვის“, რომელიც ნაოსნობის უსაფრთხოებასა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.












