უახლოეს მომავალში შესაძლოა Airbus-ის მიერ წარმოებულმა ვერტმფრენებმა c-check-ის გავლა თელავში შეძლონ. ამისათვის ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და მოლაპარაკებები შესაბამისი ნებართვების მიღებაზე მიმდინარეობს.

როგორც AviaNews-ს Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განუცხადა ავიაკომპანია Geo Sky-მ თელავში საჰაერო ხომალდების ანგარის და ტექნიკური მომსახურებისთვის გასაწევი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაასრულა და საბაზისო ტექნიკური მომსახურების გაწევის უფლებისთვის მოლაპარაკებას საერთაშორისო ბრენდთან, ფრანგულ კომპანია Airbus-თან აწარმოებს.

ავიაკომპანია Geo Sky-სა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Geo Sky გახდება პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი იქნება და ამ ბრენდის ქვეშ განახორციელებს ტექნიკურ ოპერაციებს.

„Geo Sky-მ თელავში ააშენა დიდი ანგარი, რომელიც გათვლილია შვეულმფრენების როგორც ბაზირებისთვის, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის. ანგარი ექსპლუატაციაში გადაეცემა Geo Sky Technics-ს, რომელიც Geo Sky-ის მიერაა დაფუძნებული. ეს ცენტრი ახალი წესების მიხედვით გადის სერტიფიცირებას და მისი დასრულების შემდეგ სრულად იქნება EASA-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები Airbus-თან, რათა თელავში ანგარის ტერიტორიაზე Airbus-ის რეგიონული წარმომადგენლობა გავაკეთოთ. ამ დროისათვის Airbus-თან მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე ვართ”, აცხადებს შალვა კიკნაძე.

მისივე თქმით, Geo Sky უკვე სერტიფიცირებულია როგორც ტექნიკური მომსახურების საწარმო და ამ ეტაპზე Agusta-ს ტიპის ვერტმფრენებზე საბაზისო მომსახურების გაწევა შეუძლია, ხოლო “რაც შეეხება Airbus-ს მოლაპარაკებები დაწყებულია. ვმუშაობთ იმაზე, რომ საბაზისო ტექნიკური მომსახურების ნებართვა ავიღოთ“.

აღსანიშნავია, რომ Geo Sky-ს ტექნიკური მომსახურების ცენტრში როგორც ქართული ავიაკომპანიების მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების, ასევე რეგიონული მასშტაბით, სხვადასხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურების გაწევა შეეძლება და მათ აღნიშნული სერვისის მისაღებად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

ამ დროისათვის ქართული კომპანიების მფლობელობაში Airbus-ის 10-მდე ვერტმფრენია.

რაც შეეხება ტექნიკური მომსახურების ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი 100%-ით საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რომელთა ნაწილი უკვე გადამზადებულია, ხოლო ნაწილის მომზადებაც პროექტის ფარგლებში მოხდება.