ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და უახლოეს მომავალში მთავრობა დააანონსებს რეგულარულ ფრენების დაწყებას ამ მიმართულებით. ეს განცხადება მან „საქმიან დილაში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდეს.

„მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს, ძალიან აქტიურ ფაზაშია Ryanair-თან მოლაპარაკებები შესული. გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა არ იქნება სწორი, არ მინდა დავაზიანო ის მიღწეული შედეგი, რომელიც უკვე გვაქვს. აქვე მადლობას ვეტყვი ჩვენს საელჩოს ირლანდიაში, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს მოლაპარაკებებში. უახლოეს მომავალში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავაანონსებთ რეგულარულ მიმოსვლებს ამ მიმართულებით.“ – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს მოლაპარაკებებზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც გააკეთა და თქვა, რომ ტურისტული ემბარგოს ფონზე მთავრობა კომპანიას მაქსიმალურად აჩქარებს და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე მოლაპარაკებები დასრულდება, 2020 წელს კი Ryanair საქართველოს ბაზარზე შემოვა.