სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის ინფორმაციით, მუშავდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება უსაფრთხო ქვეყნების შერჩევა.

„საერთაშორისო ფრენების აღდგენა დაგეგმილია პირველი ივლისიდან, ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ფრენების განხორციელება მოხდეს უსაფრთხოდ ჩვენი მგზავრებისა და ავიაკომპანიების პერსონალისთვის. აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც იქნება შერჩეული ესა თუ ის ქვეყანა და მიმართულება, სადაც ფრენის აღდგენა იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენისთვის აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების დაცვა.

„აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა. ძირითადი მოთხოვნა არის პირბადის ტარება, როგორც ბორტზე, ასევე აეროპორტში. აუცილებელი რეკომენდაციაა თერმოსკრინინგის გავლა, სოციალური დისტანციის დაცვა და დეზინფექცია, როგორც აეროპორტში, ასევე ბორტზე“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

როგორც სამოქალაქო ავიაციის დირექტორი აღნიშნავს, ისრაელის მიმართულებით განსახორციელებელ ფრენებისთვის ქართული მხარე მზად არის.

„ისრაელთან მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ინტენსიურ ფაზაში მიმდინარეობდა და ახლაც აქტიურად გრძელდება. ჩვენი მხრიდან, სექტორი მზად არის რეისების მისაღებად და ორმხრივი რეგულარული ფრენების აღსადგენად. მთავარია პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, ივნისის თვეში დაგეგმილია რამდენიმე რეისი – ამსტერდამის, ვენისა და თელავივის მიმართულებით, თუმცა რეისების განხორციელება მგზავრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

„ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ამ თვისთვის განაცხადი რამდენიმე ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით გააკეთა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება დააკმაყოფილა. თვის ბოლომდე რამდენიმე რეისი შესრულდება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება დატვირთვებზე. თუ იქნება საკმარისი დატვირთვები, ამ კომპანიის გაყიდვებიდან გამომდინარე, ეს რეისებიც შესრულდება, თუმცა მგზავრობის მსურველებს მაინც მოვუწოდებ, რომ უშუალოდ კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან იქონიონ“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

წყარო: 1TV.ge