თურქეთში უამრავი საფეხმავლო ბილიკი არსებობს. ერთ-ერთი უახლესი და საინტერესო სალაშქრო ბილიკი არის “ეფელერის გზა” (Efeler Yolu), რომელიც “Green Destinations-მა ‘Top 100 Stories’ -ში მოიხსენია. მარშრუტი მოიცავს ულამაზეს სოფლებს და იგი დიდ გამოწვევას სთავაზობს ბუნების მოყვარულებს. მისი სიგრძეა 500 კმ.
აღნიშნული რეგიონი ოდითგანვე გამორჩეულია კულტურული თვალსაზრისით. აქ უამრავი ცივილიზაცია არსებობდა – ხეთები, ფრიგიელები, ოსმალები და რომაელები, რაც მის განსაკუთრებულობას უფრო მეტად ამყარებს.
ეფე ან ეფეები (Efe-Efeler) – ასე ეძახდნენ თურქეთის დასავლეთ ანატოლიაში, აიდინის, მუღლასა და ისპარტას რეგიონებში მცხოვრებ ზეიბექების ლიდერებს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ და არსებული სისტემის წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანყებებს აწყობდნენ. ეფეებს ხასიათის სიმტკიცის, გამბედაობისა და უშიშრობის გამო ირჩევდნენ, ან კიდევ იმის მიხედვით ვისაც უფრო მეტი „გმირული“ საქციელი ჰქონდა ჩადენილი. მათ ბრძოლების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქეთის გადარჩენაში.
ეფელერის გზა იწყება ბორნოვას რაიონის სოფელ ქავაქლიდერედან (Kavaklıdere village) და მთავრდება ღვთისმშობლის სახლში ბულბულდაღში.
სოფლები, რომლებმაც აქამდე შეინარჩუნეს კულტურული ღირებულებები
გაგიკვირდებათ და ეფელერის გზა რომ გაიაროთ მთლიანად, ალბათ ერთი თვე დაგჭირდებათ. მარშრუტი ისეა გათვლილი, რომ მასში შედის იმ 28 სოფლის დათვალიერება, რომლებმაც აქამდე შეინარჩუნეს თავიანთი კულტურული ღირებულებები. მის ფარგლებში დაათვალიერებთ – შირინცეს, ბირგის, ბეიქოის, ოზდაღს და სხვ.
აღსანიშნავია სოფელი შირინცე, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) “2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლებს შორის” დაასახელა. იგი თურქეთის ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სოფელია, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი ბუნებით, ისტორიით, კულტურითა და გასტრონომიით. შირინცეში ნახავთ ადგილობრივ ვენახებს, საიდანაც მიღებული ყურძნით საოცარ ღვინოებს ამზადებენ. ასეე შეგიძლიათ გაეცნოთ ადგილობრივ ღვინის დამზადების პროცესებს.
უნდა აღვნიშნოთ სოფელი ნაზარქოიზე, (Nazarköy),რომელიც მარშრუტის ერთ-ერთი პირველი გაჩერებაა. იგი ცნობილია თავისი დიდი თვალის მძივების დამზადებით, (nazar boncukarı), რომლებიც შექმნილია უარყოფითი ენერგიების მოსაშორებლად.
საგულისხმოა სოფელი ბირგიც, რომელიც 2022 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის “საუკეთესო ტურისტულ სოფლებს” შორისაა ჩამოთვლილი. აქ უამრავი ღირსშესანიშნაობა არსებობს, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის დიდი მეჩეთი (აიდინოღლუ მეჰმეთ ბეის მეჩეთი). იგი ჩაქირაღას სასახლესთან მდებარეობს.
ეფელერის პასპორტი
აღსანიშნავია Efeler Way-ის პასპორტი”, რომელიც ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ www.efeleryolu.com ან Efeler Way Friendly Establishments საიტებზე. მას ასევე აქვს სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც შეძლებთ მარშრუტის ფარგლებში გზა გაიკვალოთ და თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახდეს.