როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს? საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.
თეორიული სწავლების დროს, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს, ინფორმაცია მიეწოდათ საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.
რის შემდეგაც გაიმართა სიმულაციური პრაქტიკული სწავლება, სადაც ჩართული იყო სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების 2 მანქანები და საპატრულო ეკიპაჟი.
საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.
პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. ღონისძიებაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.