ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) “შვილობილი”, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ს გადაზიდვები (იანვარ-თებერვალში) 9.6%-ით გაიზარდა.

Turkish Cargo-მ აღნიშნულ მაჩვენებელს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ავიაგადაზიდვების ბაზარი 5.8%-ით, ხოლო მოთხოვნა 5.7%-ით შემცირდა, განმარტავენ THY-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავიატვირთების გადაზიდვის 9.6%-იანი ზრდით Turkish Cargo-მ World Air Cargo Data-ს (WACD) რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

იანვარ-თებერვალში Turkish Cargo-ს წილი, 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, გლობალურ ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე 0.4%-ით გაიზარდა და 4.1%-ი შეადგინა.

ამ დროისათვის Turkish Cargo-ს თვითმფრინავები რეისებს ასრულებენ როგორც ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე აეროპორტ “სტამბოლში”. “სტამბოლში” სატვირთო ტერმინალის ინფრასტრუქტურის მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ კი ათათურქის აეროპორტი მგზავრთნაკადის მსგავსად კარგოს მიღებასაც შეწყვეტს.

Turkish Cargo მსოფლიოს 307 წერტილში ასრულებს რეისებს და აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საუკეთესო სატვირთო ავიაგადამზიდავად მიიჩნევა.