ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც თურქულმა და ქართულმა მხარემ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რამდენიმე ხნის წინ მის შეხვედრას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან, სადაც ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები იქნა განხილული.
„Turkish Airlines-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ ანკარა-თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხთა შორის კავშირებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას თურქეთიდან საქართველოში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.












