Turkish Airlines-მა სტამბოლში ტრანზიტული მგზავრებისთვის ახალი ტური დაიწყო. მათ შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ „ბოზდაღის“ კინოკომპლექსს, სადაც ყველაზე ცნობილი თურქული სერიალებიაგადაღებული. ეს ტური TourIstanbul პროგრამის ნაწილია და განკუთვნილია უცხოელი მგზავრებისთვის, რომლებიც სტამბოლის აეროპორტში 6-დან 24 საათამდე გაატარებენ.
მსურველებს რივას (ბეიკოზის) რაიონში მდებარე „ბოზდაღის“ კინოკომპლექსში გადაიყვანენ. ეს არის 200 ჰექტარზე აშენებული კინოქალაქი, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მესამეა. აქ გადაღებულია პოპულარული ისტორიული სერიალები.
ექსკურსიის დროს სტუმრებს საშუალება ექნებათ:
გაეცნონ თურქეთის ისტორიას და სერიალების პერსონაჟებს.
მოისმინონ ინფორმაცია წინა ეპოქების ცხოვრებასა და ხელნაკეთობებზე.
მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში: მშვილდოსნობა, რკინის ჭედვა და მინის სამკაულების დამზადება.
დააგემოვნონ ტრადიციული სადილი: თუჯის ქვაბში მომზადებული წვნიანი, ქვაზე პილაფი და ბრინჯის პუდინგი.
დაესწრონ საცხენოსნო შოუს – „ცხენების ლეგენდა“.
Anadolu-ს ცნობით, თუ ექსკურსიის დღეს კინოქალაქში გადაღებები მიმდინარეობს, ტურისტებს პროცესის ყურება და საყვარელ მსახიობებთან ფოტოების გადაღებაც შეეძლებათ.












