ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების დაწყება დააანონსა. როგორც Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ Twitter-ის საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ სტამბოლის ახლად აშენებული აეროპორტიდან ავიარეისები იწყება რამდენიმე საერთაშორისო მიმართულებით. ბილალ ექშის განცხადებით აეროპორტ “სტამბოლიდან” ავიარეისები იწყება მოსკოვის, პარიზის, ლონდონის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ქუვეითის, თბილისისა და აშხაბადის მიმართულებით. “სტამბოლიდან” Turkish Airlines-ი რამდენიმე შიდა რეისსაც ამატებს, მათ შორის დიარბაქირის, ქაისერის და ჰათაის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტამდე სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ავიარეისი სტამბოლის ახალ აეროპორტში “სტამბოლი” უნდა გადამისამართდეს. Turkish Airlines-მა “სტამბოლიდან” რამდენიმე საერთაშორისო რეისის განხორციელება 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეისის ახალ აეროპორტში გადატანის ვალდებულება აიღო. როგორც ჩანს ჯერი თბილისის მიმართულებით განსახორციელებელ ავიარეისებზეც დადგა.
Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში აეროპორტ “სტამბოლიდან” თბილისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ, რადგანაც მანამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი.