აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის წინ, Turkish Airlines-მა შესაძლოა Boeing-ისგან 250 სამოქალაქო თვითმფრინავი შეუკვეთოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.
ეს მასშტაბური შეკვეთა არა მხოლოდ აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობებში ახალ ეტაპს გახსნის, არამედ შესაძლოა ნატოს წევრებს შორის F-35-ის ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავის მოგვარებასაც შეუწყოს ხელი. შეხვედრის ფარგლებში ასევე იგეგმება Lockheed Martin-ისგან F-16 Viper-ისა და სხვა სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე შეთანხმება.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ერდოღანი აშშ-სთან ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს, რომელიც მოიცავს როგორც თავდაცვის, ისე ენერგეტიკის სექტორებს. გარიგების ფარგლებში თურქეთი 40 ერთეულ F-35 და 40 ერთეულ F-16 გამანადგურებელს, ასევე დიდი რაოდენობით ავიაბომბებს, რაკეტებსა და სხვა შეიარაღებას შეიძენს.
ექსპერტების აზრით, ამ შეთანხმებას შეუძლია გადაჭრას ის კონფლიქტი, რომელიც თურქეთის მიერ რუსული С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ წარმოიშვა, რის გამოც ქვეყანა F-35-ის პროგრამიდან გარიცხეს.












