ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ხუთწლიანი ახალი შეთანხმების ფარგლებში, ჩინური ბანკისგან (Bank of China) მრავალმილიონიანი სესხი მოიპოვა, რომლის ნაწილიც ფლოტის გაფართოებას მოხმარდება.

სააგენტო Anadolu Agency-ს ცნობით, ფინანსური შეთანხმების ღირებულება 2.9 მილიარდ ჩინურ იუანს შეადგენს, რაც დაახლოებით 408.5 მილიონი აშშ დოლარია. გარიგება ჩინეთის ბანკის თურქეთის ფილიალის ხელშეწყობით განხორციელდა, ხოლო მაკაოს ფილიალი გამსესხებლის როლს ასრულებს.

2025 წლის 30 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სესხი მიმართული იქნება ახალი თვითმფრინავების შესაძენად, ახალი ობიექტების ინვესტიციებზე, სტამბოლის აეროპორტის (IST) ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და შემდგომ ზრდის გეგმებზე.

Turkish Airlines-ის  ფინანსური დირექტორის, მურატ შექერის განცხადებით: „ჩვენი ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა ჩინეთის ბანკი, მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენი მდგრადი ზრდისა და გლობალური გაფართოების მიზნებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ფინანსურ სტრუქტურას, არამედ ხელს უწყობს თურქეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას.“

ავიაკომპანიის განცხადებით, ეს სესხი ახალ ეტაპს წარმოადგენს მისი სტრატეგიული გეგმების დივერსიფიცირების საქმეში, რომელიც დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას გულისხმობს.

თურქეთის ეროვნული გადამზიდველის მიზანია, 2033 წლისთვის საკუთარი ფლოტი 800 თვითმფრინავამდე გააორმაგოს. აღსანიშნავია, რომ 2006-დან 2025 წლამდე პერიოდში კომპანიის ფლოტი 100-დან 500 თვითმფრინავამდე გაიზარდა.