Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა, იძულებული გახდა, ანკარაში საგანგებო დაშვება განეხორციელებინა. ინციდენტი მგზავრის უსადენო ყურსასმენების აალებამ გამოიწვია.
რეისის TK2426 შესტულებისას ავიაომპანიის ერთ-ერთი მგზავრის ყურსასმენებიდან კვამლი გამოვიდა, რასაც მალევე ალი მოჰყვა. ბორტგამცილებლებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ცეცხლი ცეცხლმაქრით ჩააქრეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მალევე კონტროლქვეშ აიყვანეს, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, პილოტმა გადაწყვიტა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვა.
თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა ანკარის ესენბოღას აეროპორტში. მგზავრი, რომლის ყურსასმენებიც აალდა, მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ინციდენტის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრებისთვის სხვა თვითმფრინავი უზრუნველყო, რომლითაც მათ ანტალიაში მოგზაურობა გააგრძელეს. ამ დროისთვის, მომხდარის დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ყურსასმენის ბატარეის გაუმართაობა იყო.












