ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის თურქულმა ავიაგადამზიდავმა​ Turkish Airlines-მა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. როგორც ავიაკომპანიის პრესამსახურში განმარტავენ, Turkish Airlines-ის (THY) საჰაერო ხომალდებს ყოველი შიდა და საერთაშორისო რეისის შემდეგ დეზინფექცია უტარდებათ. 

დეზინფექციისათვის კი გამოიყენება ქიმიური ხსნარები, რომლებიც შემოწმებულია საერთაშორისო ლაბორატორიებში და აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 

ხომალდი რეისზე დაიშვება მას შემდეგ, რაც მისი დეზინფექცია განხორციელდება. თვითმფრინავის დეზინფექციისთვის ავიაკომპანიას 25 წუთი სჭირდება. დეზინფექციისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სალონს, სადაც მგზავრების და ეკიპაჟის წევრების თავმოყრა ხდება. 

ყოველი რეისის შემდეგ ბალიშები და გადასაფარებლები იცვლება და მაღალ ტემპერატურაზე სუფთავდება.