თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines (THY)გეგმავს 225 ახალი ლაინერის შეძენას. ამ დროისთვის, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია 75 თვითმფრინავზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს THY-ის გამგეობის ხელმძღვანელმა, აჰმედ ბოლატმაგანუცხადა.

ბოლატის თქმით, 2033 წლისთვის „Turkish Airlines“-ის ავიაპარკი 813 ლაინერს მიაღწევს.

აჰმედ ბოლატმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიმდინარე წარმატებაზეც:

  • THY-ის მგზავრთნაკადი წელიწადში 85 მილიონ ადამიანს შეადგენს.
  • კომპანიის შემოსავალი წლიურად 22 მილიარდ დოლარს აღწევს.
  • ამჟამად, ერთი მგზავრიდან მიღებული საშუალო მოგება 22-23 დოლარია.

მან ასევე ისაუბრა თვითმფრინავების ძრავების მომსახურების ხარჯებზე. მისი განცხადებით, ძრავის საშუალო ტექნიკური შემოწმება 7-8 მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო ერთი თვითმფრინავი 30 წლის განმავლობაში ექვს შემოწმებას გადის.

ამ ხარჯების შესამცირებლად, ბოლატის თქმით, საჭიროა ლაინერის შეძენისას მწარმოებელთან წინასწარ შეთანხმება ტექნიკურ შემოწმებაზე, ან საკუთარი ტექნიკური ბაზის შექმნა. „მაგალითად, ჩვენი კომპანია თავად აშენებს ტექნიკურ ბაზას Rolls Royce-ის ძრავების შესამოწმებლად. ამ მიზნით 300 მილიონი დოლარია გამოყოფილი“, – განაცხადა აჰმედ ბოლატმა.