თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი შიდა და საერთაშორისო ფრენებზე კონკურენციის ზრდის მიზნით განახლებული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია AJet-ით იწყებს ოპერირებას.
2008 წლიდან Turkish Airlines-ის სტრუქტურაში ფუნქციონირებს AnadoluJet-ი, მაგრამ ის არ არის სრულფასოვანი ავიაკომპანია, არამედ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს. AnadoluJet-ის ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები ახორციელებენ.
Turkish Airlines-ის ზრდის ახალი სტრატეგია კი AnadoluJet-ის ცალკე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც იმუშავებს სახელწოდებით AJet და 100%-ით Turkish Airlines-ის საკუთრება იქნება.
ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირველი ფრენები 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ამის შესახებ განცხადება Turkish Airlines-ის გამგეობისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა გააკეთა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში AJet საკუთარ ფლოტს 200 თვითმფრინავამდე გაზრდის და გახდება ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგიონში.
„AJet-მა უნდა შეიმუშაოს ზრდის სტრატეგია, რათა გაზარდოს საერთაშორისო ფრენების რაოდენობა სტამბოლში, ანკარაში, იზმირში და ანატოლიის სხვა ქალაქებში. ეს დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის მონახულება, შესაბამისად, ტურიზმსაც და ქვეყნის ეკონომიკას“, – აღნიშნა მინისტრმა.
Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ AJet იმუშავებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში. მისი კონცეფცია გულისხმობს სერვისის გამარტივებას და მხოლოდ ეკონომ კლასის ბილეთების გაყიდვას, რამაც უნდა შეამციროს ხარჯები. ხარჯების დაზოგვა აისახება ბილეთების ფასებზე, რაც საჰაერო მოგზაურობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის ხელმისაწვდომს.