ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთში წელსაც ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა. ამის შესახებ forbes.ge მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შემფასებელი საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
თურქული უმსხვილესი ავიაკომპანია ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდია, რაც გასულ წელთან შედარებით 18.7%-ით ნაკლებია. საბაზრო კაპიტალიზაციის კლება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ წინა წლების წარმატების ისტორიას პანდემიის დროსაც ვაგრძელებთ და თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი კიდევ ერთხელ გავხდით“, – განაცხადა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილკერ აიჯიმ.
Turkish Airlines-ი 1933 წელს დაარსდა. მის ფლოტში 367 სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი შედის. ავიაკომპანია მსოფლიო მასშტაბით 323 მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის 273 – საერთაშორისო, ხოლო 50 შიდა მიმართულებებია.
100 ყველაზე ძვირად ღირებულ თურქულ ბრენდებს შორის რეიტინგში მეორე ადგილზე საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Arcelik-ია, რომლის ღირებულებაც $1.59 მილიარდია. აღიშნული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელთან შედარებით, 2021-ში 24.6%-ითაა გაზრდილი. მესამე ადგილზე კი ფინანსური ინსტიტუტი Isbank-ია $1.19 მილიარდის ღირებულებით. აღნიშნული ბრენდის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და ზრდამ 25.3% შეადგინა.
თურქეთში ყველაზე ძვირად ღირებული 15 ბრენდის სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- Turkish Airlines – საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდი
- Arcelik – საბაზრო ღირებულება $1.58 მილიარდი
- Isbank – საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი
- Garanti BBVA – საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი
- Turkcell – საბაზრო ღირებულება $1.06 მილიარდი
- Ziraat Bank – საბაზრო ღირებულება $95 მილიარდი
- Akbank – საბაზრო ღირებულება $91 მილიარდი
- Yapi Kredi – საბაზრო ღირებულება $83 მილიარდი
- Turk Telekom – საბაზრო ღირებულება $78 მილიარდი
- Ford Otosan – საბაზრო ღირებულება $78 მილიარდი
- Vestel – საბაზრო ღირებულება $70 მილიარდი
- BIM – საბაზრო ღირებულება $61 მილიარდი
- BSH საბაზრო ღირებულება $54 მილიარდი
- Vakifbank – საბაზრო ღირებულება $50 მილიარდი
- Ulker – საბაზრო ღირებულება $45 მილიარდი
ცნობისთვის, Brand Finance-ი ყოველწლიურად 5000 ბრენდს აფასებს.