ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველ რეისს 2019 წლის 10 იანვარს განახორციელებს, ხოლო თბილისიდან (TBS) აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით 11 იანვარს. ავიაკომპანიის საიტზე თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისებზე, აეროპორტი „სტამბოლი“ (ISL) 10 იანვრიდანაა დამატებული.
ფრენა 10 იანვარს „სტამბოლიდან“ 21:35 საათზე განხორციელდება, ხოლო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 იანვრის 00:55 საათისთვის დაეშვება. თბილისის აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით პირველი ფრენა 07:15 საათზე განხორციელდება და ხომალდი დანიშნულების ადგილზე 09:00 საათზე დაეშვება. ავიაკომპანია Turkish Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს Airbus A321-ით განახორციელებს.
რაც შეეხება რეისებს “სტამბოლიდან” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის და ამიტომ აღნიშნულ მარშრუტზე Turkish Airlines-ი ოპერირებას ისევ სტამბოლის ათათურქის (IST) სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 მარტამდე სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ავიარეისი სტამბოლის ახალ აეროპორტში “სტამბოლი” უნდა გადამისამართდეს.
Turkish Airlines-მა “სტამბოლიდან” რამდენიმე საერთაშორისო რეისის განხორციელება 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეისის ახალ აეროპორტში გადატანის ვალდებულება აიღო.
მთავარი აეროპორტები Turkish Airlines-ი სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველ რეისს 10 იანვარს განახორციელებს