Turkish Airlines-ი ესპანური ავიაკომპანია Air Europa-ს შესყიდვაზე მოლაპარაკებებში ერთადერთი პრეტენდენტია. მოლაპარაკებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გარიგებიდან სხვა ავიაკომპანიები, მათ შორის Air France-KLM და Lufthansa-ც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ Air Europa-ს შეძენას მანამდე British Airways-ის მფლობელი IAG-იც ცდილობდა, თუმცა ევროკომისიის მხრიდან ანტიმონოპოლიური რეგულაციების გამო გარიგება ვერ შედგა.
როგორც Turkish Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ გადაწყვეტილება Air Europa-ს მცირე წილის შესყიდვის შესახებ, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე მიიღო. ეს ტრანზაქცია Turkish Airlines-ს საშუალებას მისცემს, გააფართოოს ქსელი ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, რაც კომპანიის გრძელვადიან განვითარების გეგმებს შეესაბამება.
მოლაპარაკებების სირთულეს ისიც ემატება, რომ ესპანეთის მთავრობამ პანდემიის დროს Air Europa-ში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო და ახლა ცდილობს საუკეთესო ფასად გაყიდოს წილი, რათა დააბრუნოს დახარჯული თანხები.
Air Europa-ს პრეზიდენტმა ხუან ხოსე ჰიდალგომ განაცხადა, რომ შეთანხმება მას სიმშვიდეს ანიჭებს, რადგან ეს უზრუნველყოფს ავიაკომპანიის შემდგომ ფუნქციონირებას და იმას, რომ ესპანეთს საკუთარი ეროვნული გადამზიდავი ეყოლება. ამ ეტაპზე IAG-ი Air Europa-ს 20%-იან წილს ფლობს, დარჩენილი ნაწილი კი, სავარაუდოდ, Turkish Airlines-ის მფლობელობაში გადავა.












