სალიზინგო კომპანია AerCap-მა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას Turkish Airlines-თან 28 ახალი თვითმფრინავის იჯარაზე.

მომავალი წლიდან თურქული ავიაკომპანია მიიღებს 25 ერთეულ Boeing 737 MAX-ს, ასევე სამ Boeing 787-9 Dreamliner-ს. თვითმფრინავი AerCap-ის ამჟამინდელი შეკვეთების პორტფელიოდანაა და ავიაკომპანიისთვის მიწოდებული იქნება 2024-დან 2026 წლამდე პერიოდში. AerCap-მა ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ექვსი Airbus A330-200 თვითმფრინავის იჯარის გახანგრძლივებაზე. AerCap აღწერს შეთანხმებას, როგორც “მნიშვნელოვან ტრანზაქციას” “გრძელვადიან პარტნიორთან”.

სულ ახლახან Turkish Airlines-მა გამოაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს დამატებით ათი გრძლმაგისტრალური Airbus A350-900-ის მიწოდებაზე. ავიაკომპანია ასევე ჯერ კიდევ გეგმავს ახალი თვითმფრინავების ძალიან დიდი შეკვეთის განთავსებას თავისი ფლოტის გაფართოებისა და განახლებისთვის.