თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო (TURKISH AEROSPACE – TUSAŞ) საქართველოსთან ერთობლივი პროექტის განხირციელებით დაინტერესებულია. დეტალები კომპანიის მენეჯმენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაზუსტდება.
8 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯაბა ჯაბანაშვილი TUSAŞ-ს ეწვივნენ და კომპანიის პრეზიდენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ თემელ ქოთილს შეხვდნენ.
🔹შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი სერდარ დემირი და თავდაცვის ატაშეს მოადგილე მაიორი დავით თავაძე, განხილული იქნა TUSAŞ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები.
🔹შეხვედრაზე კომპანიის პრეზიდენტმა თემელ ქოთილმა გამოთქვა სურვილი, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს საავიაციო მრეწველობის კუთხით საქართველოს შესაძლებლობებს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები და პოტენციური მიმართულებები.
შეხვედრის ფარგლებში თემელ ქოთილმა გიორგი ჯანჯღავას და პოლკოვნიკ ჯაბა ჯაბანაშვილს დაათვალიერებინა საწარმო და პირადად გააცნო TURKISH AEROSPACE -ის მიერ წარმოებული პროდუქცია.