მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა.

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი. დეტალების წარდგენამდე კი საბოლოო დეტალებზე პრემიერმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ბოლო სამუშაო შეხვედრა გამართა.

სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

როგორც მთავრობა აცხადებს, ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.