ტურიზმის სექტორი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები ჯერ კიდევ წინ არის და შესაბამისად ბიზნესს და სექტორს კიდევ უფრო მაღალი შედეგების მოლოდინი აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები გამოქვეყნდა. მთავარი ის არის, რომ სექტორს წლის განმავლობაში უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს. წინ გვაქვს ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები, რომელიც მაღალი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის. ძალიან მომზადებული ხვდება ბიზნესი ამ სეზონებს. თავისთავად შედეგიანობაზე ვისაუბრებთ წლის ბოლოს, თუ რამდენად სრულყოფილად გამართლდა ის მოლოდინები, რაც ბიზნესს ჰქონდა. საგულისხმოა ის, რომ წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური და საინტერესო მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, გამოფენებზე, იმისთვის რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილის მიმართ, კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იყოს ევროპის ბაზრებზე, საიდანაც რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლისგან მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ევროპის მიმართულებით, რადგანაც არ შეწყდეს და არ შეჩერდეს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. დღეის გადასახედით მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არის პანდემიის შემდეგ, უკრაინა-რუსეთის ომი, რაც განაპირობებს ევროპელების ნაკლებობას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა იმედი გაქვს, რომ ევროპიდან ტურისტებს დავიბრუნებთ და მომავალში უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება ევროპიდან“, – ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.
6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.
2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.
2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.