ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის „ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე.
„ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.
„ეს პროექტი ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებში წარმოებული პროდუქტებით მასპინძლობენ სტუმრებს. ეს ხელს უწყობს ასეთი ობიექტების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენთვის, მომავალში ეს ნიშნავს მეტ სტუმარს და მადლობას ვუხდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუშეთიდან ვარ წარმოშობით და თავიდანვე ავიღეთ ეს ნიშა, რომ ჩემი კუთხისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი კერძები ჩაგვესვა მენიუში, რაც შეგვიძლია ყველაზე კარგად მოვამზადოთ, ჩვენი კერძები განსხვავებულია და ყველა რესტორანში ვერ დააგემოვნებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ეს პროექტი დაგვეხმარება, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“,-აცხადებს პროექტის მონაწილე შოთა ლაგაზიძე.
„მზისკარი“ ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.