ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს „შატო მუხრანის“ წარმომადგენელი თამარ ბუაძე. მისი თქმით, მარკეტინგული კამპანიები ხელს უწყობს მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვას და მსხვილი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინდოეთი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მზარდ და პოტენციურ ბაზარს ქორწილების მიმართულებით. მარკეტინგული კამპანიები ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც ახალი, ავთენტური და მაღალი ხარისხის ქორწილების მიმართულებას და ქმნის ნდობას როგორც ინდოელ წყვილებში, ასევე ადგილობრივ პარტნიორებში. ინტერესი მზარდია. ინტერესს იჩენენ როგორც ქორწილების ორგანიზატორები, ასევე ტურისტული სააგენტოები. ინდოეთის ბაზარი მასშტაბურია, მრავალფეროვანი და მაღალი ბიუჯეტის მქონე. ინდოელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციულ ქორწილს. ტრადიციული ინდური ქორწილი რამდენიმე დღე გრძელდება, სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია ლოკაცია, კულტურა, სტუმართმოყვარეობა და სერვისის ხარისხი“,- აცხადებს „შატო მუხრანის“ წარმომადგენელი თამარ ბუაძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.