საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფო-ტურის ფარგლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მაღალრეიტნგული გამოცემების, მათ შორის ბალტიისპირეთში მთავარი ინტერნეტ პორტალის Delfi-ის ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.
ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, მოინახულეს ისტორიული, კულტურული და ტურისტულად საინტერესო ადგილები, გაეცნენ ქართულ კულინარიას.
“ჩემმა მეგობრებმა საქართველოში იმოგზაურეს, მანამდე სანამ მე ვეწვეოდი თქვენს ქვეყანას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ძალიან სპეციფიკური ატმოსფეროა, რომელსაც შეიგრძნობ როგორც კი ჩახვალ და მე მათ სრულად ვეთანხმები, საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია. ძალიან მომეწონა თბილისი, ქართული კერძები, როგორც იცით ქართული სამზარეულო ყველასთვის გამორჩეულია“.-ამბობს ანდრეი დანილო ინტერნეტ პორტალის „Delfi“ ჟურნალისტი ესტონეთიდან.
ინფო-ტურის მონაწილეები აჭარაში გაემგზავრებიან და ბათუმს დაათვალიერებენ.
ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ფოტო რეპორტაჟებს მოამზადებენ.
ტურის მიზანია ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში.