ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს. პროექტი
მიზნად ისახავს სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დღეს დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებს შეხვდა და პროექტი გააცნო.
კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ, ხარისხიანი თანამედროვე
ვიზუალის მქონე სასუვენირე და ხელნაკეთი ნივთების ახალი კოლექციების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად მოხდეს სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირება.