„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული წვლილი შემოსავლების გაზრდაში მიიღო ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ისრაელი, საუდის არაბეთი, გერმანია, ევროპისა და ყურის სხვადასხვა ქვეყნები. მარკეტინგული კამპანიები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო ბაზრებზე, საკმაოდ წარმატებით აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% – ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.