მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF), საკონსულტაციო კომპანია „კირნისა“ და საუდის არაბეთის ტურიზმის სამინისტროს ერთობლივი კვლევის თანახმად, 2034 წლისთვის ტურიზმის ინდუსტრიის წვლილი გლობალურ ეკონომიკაში 16 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ტურისტები ყოველწლიურად 30 მილიარდ მოგზაურობას განახორციელებენ.
ტურიზმის გლობალური ზრდის პროგნოზი
კვლევა, სახელწოდებით „მოგზაურობა და ტურიზმი გარდამტეხ მომენტში“, ვარაუდობს, რომ ტურიზმის სექტორი გლობალურ ეკონომიკაზე 1.5-ჯერ უფრო სწრაფად განვითარდება. ექსპერტები აზიას ასახელებენ, როგორც ზრდის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალას, რომელსაც ლიდერობენ ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ტაილანდი და შრი-ლანკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩინეთი და ინდოეთი უკვე 2030 წლისთვის ყველა საერთაშორისო მოგზაურობის მეოთხედზე მეტს შეადგენენ.
კვლევა ტურიზმის სხვადასხვა სექტორშიც პროგნოზირებს მნიშვნელოვან ზრდას:
სპორტული ტურიზმის მოცულობა 2032 წლისთვის 1.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ეკოტურიზმი წელიწადში საშუალოდ 14%-ით გაიზრდება.
მოგზაურობის ტექნოლოგიების ბაზრის ღირებულება 8 წელიწადში თითქმის გაორმაგდება, მაშინ როდესაც გასულ წელს მისი ღირებულება 10.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გამოწვევები ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის კუთხით
მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზისა, ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელი ზრდა სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. 30 მილიარდი მოგზაურობის მხარდასაჭერად, ინდუსტრიას წელიწადში 7 მილიონი ახალი სასტუმროს ნომრის გახსნა და 15 მილიონი რეისის დამატება დასჭირდება.
გარდა ამისა, ეკოლოგიური შედეგებიც შემაშფოთებელია. მიზნობრივი რეფორმების გარეშე, 2034წლისთვის მოგზაურობისგან გამოყოფილი სათბურის აირების წილი გლობალური მთლიანი რაოდენობის 8%-დან 15%-მდე შესაძლოა გაიზარდოს.
„ტურიზმი აღარ არის იზოლირებული დარგი, არამედ ეკონომიკური ზრდისა და თანამშრომლობის ძლიერი კატალიზატორია“, – განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ-ხატიბმა და მოუწოდა მსოფლიოს, რომ შეუერთდეს მის ტრანსფორმაციას.












