მთავრობასა და სადაზღვევო სექტორს შორის უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში ჩამოსვლისას COVID-19-ის სავალდებულო სადაზრვევო პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა – ამის შესახებ BM.GE-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ინფორმაციისა და შეხედულებების გაცვლა მოხდა, როგორ უნდა იყოს COVID-დაზღვევის პაკეტები.

„მთავრობასთან გვქონდა საუბარი, როგორ უნდა მოხდეს COVID-დაზღვევა. ინფორმაცია გავცვალეთ და ველით შემდგომ ნაბიჯებს. მთავრობა ღელავს და ფიქრობს, რომ ტურისტებს ჩამოსვლის შემდეგ უნდა შეეძლოთ COVID-დაზღვევის პაკეტის შეძენა.

მექანიზმი უნდა იყოს შემდეგნაირი – ტურისტმა ჩამოსვლისას უნდა შეიძინოს COVID-19 სავალდებულო დაზღვევა, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იყიდის. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დაზღვევა შეამცირებს COVID-19-ის მკურნალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს. განსაზღვრული იქნება ამ დაზღვევის დღიური ღირებულება და შესაბამისად ამ დაზღვევის შეძენისას COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯები სისტემას არ დააწვება“, – განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, კერძო სადაზღვევო სექტორში ამასთან დაკავშირებით მზაობა არის, თუმცა COVID-დაზღვევის პაკეტის დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი გამზადდება კერძო სადაზღვევო კომპანიები იქნებიან ჩართულნი. მთავრობასთან შეხვედრისას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა, გავცვალეთ კითხვარები. სადაზღვეო კომპანიები მზად არიან, რომ მსგავსი პაკეტები შეიმუშავონ.

ჯერ დეტალები არ არის ცნობილი და ამაზე მუშაობისას მთავარია, რომ გავითვალისწინოთ COVID-19-ის მკურნალობაზე გაწეული აქაური ხარჯი“, – ამბობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.

დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს COVID-ის დაზღვევა. ის ასევე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების პერიოდი კარგი დროა ამ მექანიზმის და პროდუქტების შესაქმნელად.

„თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობაზე განსხვავებული თანხები იხარჯება. ამიტომ მე არ გავართულებდი და ვთვლი, რომ ამგვარის სისტემა უფრო მოქნილი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ საზღვარზე შემოსულ ტურისტს ვუმოწმოთ, აქვს თუ არა მას მისი ქვეყნიდან წამოღებული COVID-დაზღვევა.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ როდესაც რაღაც შეზღუდულია, ახლის მომზადება ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე, როდესაც რაღაც მოგაწვება. ამიტომ ახლა კარგი დროა, რომ ეს დავალაგოთ და ჩამოვყალიბდეთ“, – უთხრა BM.GE-ს ხეჩინაშვილმა.

წყარო: bm.ge