ტუნისის მთავრობამ ქვეყნის მთავარი საჰაერო ჭიშკრის, ტუნის-კართაგენის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციისა და გაფართოების მასშტაბური პროექტი წარადგინა. ინიციატივა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიარდ დინარს (1 მილიარდ აშშ დოლარს) შეადგენს, მიზნად ისახავს აეროპორტის გამტარუნარიანობის თითქმის ოთხჯერ გაზრდას. ტუნისის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პროექტი საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განახლების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.

გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის აეროპორტი წელიწადში 18.5 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია არსებულ 5 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით. საინვესტიციო პროექტი უკვე გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციისა და აეროპორტების სამმართველოს 2026 წლის ბიუჯეტში. საგულისხმოა, რომ ტუნისის ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უარი თქვა სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობაზე და არჩევანი არსებული ობიექტის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაზე შეაჩერა, რაც უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული.